ეკატერინე ტიკარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განხილვის ძირითადი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია და ვაქცინაციის მიმდინარეობა იყო.
“იაპონიის ელჩმა იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობაში დიპლომატიური კორპუსის ჩართულობაზე მზადყოფნა გამოთქვა და მინისტრს ინიციატივით მიმართა, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებში ელჩების მონაწილეობას გულისხმობს. ორმხრივ შეხვედრაზე აქცენტი სამინისტროს 10-წლიანი გეგმის ფარგლებში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობის საკითხებზე გაკეთდა. ამ მიზნით, უახლოეს პერიოდში გაფართოებული შეხვედრა შედგება. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლობასთან ერთად, საგრანტო დახმარების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილება.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – თამარ გაბუნია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – თამილა ბარკალაია ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.