ირაკლი ნადარეიშვილი: „აწარმოე საქართველოში” მუდმივ რეჟიმში მუშაობს ბიზნეს პროცესების და კონტროლის მექანიზმების დახვეწასა და გაუმჯობესებაზე

„სააგენტო „აწარმოე საქართველოში” მუდმივ რეჟიმში მუშაობს ბიზნეს პროცესების და კონტროლის მექანიზმების დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. ნებისმიერ უწყებასა თუ ორგანიზაციაში ამ კუთხით მიმართული ღონისძიებები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელმაც საბოლოო ჯამში, უნდა უზრუნველყოს მისი საქმიანობის ეფექტურობის ზრდა”, – აცხადებს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017-2019 წლებში გაცემული გრანტების აუდიტის ანგარიშში სააგენტო „აწარმოე საქართველოში” შესახებ არსებული ინფორმაციის კომენტირებისას.

„სწორედ ამ პრინციპით მუშაობს და ვითარდება „აწარმოე საქართველოში” – პროგრამების მიმდინარეობის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით 2019 წლის ბოლოდან დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა, მათ შორის ანგარიშში მოხვედრილი პროგრამების მიმართებით, რის შედეგადაც გაუმჯობესდა პროგრამების მიზნობრიობა, ასევე დაინერგა კონტროლისა და ანალიზის მთელი რიგი ახალი მექანიზმები “, – აღნიშნავს ირაკლი ნადარეიშვილი.

ამასთან, მისი განცხადებით, სააგენტოს ეფექტური საქმიანობის ერთ-ერთი მაჩვენებელია ისიც, რომ 2021 წელს ის გახდა მსოფლიო ბანკის „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და  აღდგენის” 5 წლიანი პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი განმახორციელებელი საქართველოში. აღნიშნულის შესახებ 85 მილიონი ევროს მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა მიმდინარე წლის მაისში, თუმცა ამას წინ უძღოდა ბანკის მხრიდან აწარმოე საქართველოს ყველა ძირითადი პროგრამის დეტალური შესწავლა, როგორც მათი მართვის ასევე მიზნობრიობის და ეფექტურობის თვალსაზრისით.

„მსოფლიო ბანკის „აწარმოე საქართველოში” შემოსვლა ძალიან მკაფიო ინდიკატორია იმისა, რომ სააგენტო პარტნიორ ბანკებთან ერთად ეფექტურად მართავს პროგრამულ პორტფელებს და უზრუვნელყოფს ბიზნეს პროცესების გამჭვირვალობას და მსოფლიო ბანკის საკმაოდ მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობას”, – აღნიშნავს ირაკლი ნადარეიშვილი.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2020 წლიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდა როგორც არსებული, ასევე ამოქმედდა კოვიდ-პანდემით განპირობებული მთელი რიგი ანტიკრიზისული მიზნობრივი პროგრამები.  აღნიშულმა ტრანსფორმაციამ დღის წესრიგში დააყენა გარკვეული სისტემური ცვლილებები, რომლებიც დღესაც წარმატებით ხორციელდება. მინისტრის მოადგილე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებების განხორციელებისას  იდენტიფიცირებული და გათვალისწინებულია თითქმის ყველა რეკომენდაცია, რომელიც 2017-2019 წლის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოხვდა.

რაც შეეხება უშუალოდ 2017-2019 წლის ანგარიშის რეკომენდაციებს – ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სააგენტოს პარტნიორი კომერციული ბანკები და სალიზინგო კომპანიები სესხების მიზნობრიობას დეტალურად აკონტროლებენ  და შესწავლილ არც ერთ შემთხვევაში მიზნობრიობის დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.

ასევე, ლიზინგის შემთხვევაში, საკითხი ეხებოდა კანონმდებლობაში არსებულ ბუნდოვანებას, რის საპასუხოდაც, 2019 წლის შემდგომ პერიოდში, უკვე მოხდა შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწა.

„ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლის ოქტომბერში, სააგენტოში შეიქმნა „ანალიზის, მონიტორინგის და შეფასების დეპარტამენტი”, რომლის ფუნქციებსაც სწორედ მსგავსი რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სამომავლოდ ყოველგვარი შესაძლო რისკის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტოში უკვე დანერგილია პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება სესხების მიზნობრიობის დამატებითი მონიტორინგი” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ნადარეიშვილის თქმით, აღსანიშნავია ის ცალსახად პოზიტიური როლი, რომელსაც პროგრამა „აწარმოე საქართველოში” წლების განმავლობაში, მისი დაარსების დღიდან ასრულებს ქართული ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით.

„მაგალითისთვის სესხის სუბსიდირების პროგრამა 2014 წლიდან მოქმედებს და მის ფარგლებში ერთმა სუბსიდირებულმა ლარმა სტიმული მისცა 15.7 ლარის კერძო ინვესტიციას, 5.04  ლარი დააგენერირა გადახდილი გადასახადების სახით და  შექმნა 8.7 ლარის მთლიანი შიდა პროდუქტი”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები