იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში დღეიდან კოვიდბარათები უფასოდ გაიცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე და ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დოკუმენტის გაცემის პროცესს ერთობლივად აკვირდებოდნენ.
“ამასთანავე, მინისტრებმა თბილისის იუსტიციის სახლში ახალადდანერგილი სერვისით თავადაც ისარგებლეს და კოვიდბარათები აიღეს. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით უკლებლივ ყველა ფილიალშია შესაძლებელი. მასზე პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. ამ დრომდე კოვიდბარათი მხოლოდ ვაქცინაციის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემოდა. კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა; მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, მათ აღნიშნული სერვისის მიღება ადგილზე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დააანონსა, რომ მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი არიან იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ. კოვიდბარათი აქტიურად იქნება გამოყენებული უცხოეთში. ევროკავშირთან სახელმწიფო უკვე მუშაობს, რომ ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ბაზაში უახლოეს პერიოდში აისახოს, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს მოგზაურობას როგორც ბიზნესის, ისე, ტურისტული კუთხით”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.