ჩრდილოეთ მაკედონია ავღანეთის მოქალაქეების მისაღებად მზად არის
ჩრდილოეთ მაკედონია მზად არის, მიიღოს ავღანეთის მოქალაქეები, რომლებმაც “თალიბანის” მიერ ქვეყნის ხელში ჩაგდების შემდეგ სამშობლოს დატოვება გადაწყვიტეს.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ზორან ზაევმა ჟურნალისტებს უთხრა.
”ავღანეთი შესაძლო ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე იმყოფება და ამიტომ ჩვენ, როგორც მთავრობამ, ვაცნობეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შეერთებულ შტატებში, რომ მზად ვართ, გავუწიოთ დახმარება, შეძლებისდაგვარად. ავღანეთის მოსახლეობის სიცოცხლეების გადასარჩენად, მზად ვართ, ავღანელი მოსახლეობა მივიღოთ, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მშვიდობისთვის მუშაობდა, იყო ადგილზე ნატო-ს სამოკავშირეო ძალების საყრდენი, ჩვენი არმიის ჩათვლით. ასევე, მზად ვართ, მივიღოთ დემოკრატიული ჰუმანიტარული ოგანიზაციების აქტივისტები და უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები”, – თქვა მან.
ზაევის თქმით, საუბარია თავშესაფრის შეთავაზებაზე “კურორტებსა და სასტუმროებში”.
ქვეყანაში ავღანელი მოქალაქეების ყოფნის ხარჯს აშშ დაფარავს.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობა აშშ-სთან ერთად “სამომავლო ქმედების ნაბიჯებს ამუშავებს”.