საოკუპაციო ხაზთან ჩასული გიორგი გახარია გაბრაზებულ მოსახლეობას გაექცა – ტვ მონიტორინგის სიუჟეტი
ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მოსახლეობა გაბრაზებული დახვდა. ადგილობრივებმა გიორგი გახარიას და გიორგი ხოჯევანიშვილს კითხეს, სად იყვნენ არჩევნებამდე და რატომ არ დაინტერესდნენ მათი პრობლემებით – ამის შესახებ საუბარია „ტვ მონიტორინგის“ სიუჟეტში.
ავტორის თქმით, სოფელში პირველად ჩასულ ყოფილ პრემიერთან მოსახლეობის უმრავლესობამ შეხვედრა არ ისურვა, ხოლო მათ, ვინც გახარიას და მისი გუნდის წევრებს შეხვდნენ, უკმაყოფილება ვერ დამალეს. თქვეს, რომ საუბარი უნდოდათ, თუმცა, ხმა არ ამოიღეს რადგან გაიგეს, რომ გახარია საოკუპაციო ხაზთან სხვა მისიით იმყოფებოდა.
„მოსახლეობის უკმაყოფილების გამო გახარიამ სოფელი მალევე დატოვა და ადგილობრივების შეთავაზება, ადგილზე მოენახულებინა დაზიანებული სახლები, ყურად არ იღო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გადამდგარ პრემიერს და მის გუნდს ხალხი სულაც არ ადარდებს და მათი მიზანი მხოლოდ არჩევნებისთვის ხმების მობილიზებაა. მათ ვერც კრიტიკული აზრი აიტანეს და მოსახლეობას დაქირავებული უწოდეს“ – ამბობს ავტორი.
სიუჟეტის თანახმად, ზარდიაანთკარში ჩასვლამდე გახარია ხურვალეთში იმყოფებოდა. გადამდგარ პრემიერს და მოქმედ მაჟორიტარს გაბრაზებული მოსახლეობა იქაც დახვდა. როდესაც გახარიამ ხალხის განწყობა შეიტყო, მათთან აღარ გაჩერებულა და მალევე უკან გაბრუნდა.
„შეხვედრით უკაყოფილო გადამდგარი პრემიერი ცდილობდა თავი აერიდებინა „ტვ მონიტორინგის“ კითხვებისთვის და განაცხადა, რომ 8 აგვისტოს, ტრაგიკულ დღეს კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, „ტვ მონიტორინგმა“ ის მაინც ჩაწერა.
გახარიამ ვერ გაიხსენა ბოლოს როდის იყო საოკუპაციო ხაზთან და თქვა, რომ ახლა ხშირად ჩავა. იგივე კითხეს გიორგი ხოჯევანიშვილსაც და გაახსენეს, რომ 1 წლის წინ, როდესაც გუგუთიანთკარში ოკუპანტებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს და რაზმაძეების სახლი მიიტაცეს, რატომ არ ჩავიდა ადგილზე მოსახლეობის მხარდასაჭერად“ – ნათქვამია სიუჟეტში. როგორც ავტორი ამბობს, ხოჯევანიშვილი იქ ვერ ჩავიდოდა, რადგან საბერძნეთში იმყოფებოდა დასასვენებლად და ქართული სოფლის ტერიტორიის მიტაცებას თვალს სწორედ იქიდან ადევნებდა. „გახარია და მისი გუნდის წევრები, რომლებიც მოსახლეობაში ავტორიტეტით ვერ სარგებლობენ როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ სახელით ცდილობენ სოფლებში ჩავიდნენ და მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს მათ რაიმე აკავშირებდეს მართველ პარტიასთან. იბრალებენ ყველა გაკეთებულ საქმეს და შეუსრულებელ დაპირებებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას თავს არიდებენ“, – ნათქვამია სიუჟეტში.