რას ნიშნავს ეკოლოგიური მშენებლობა და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ ბაზარზე – ინტერვიუ ლევან ნათაძესთან

დღეს ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეკოლოგია არის საკითხი, რომლის დაცვის გარეშეც, განვითარებაზე საუბარი უკვე შეუძლებელია. ამ საკითხის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კი ეკოლოგიური მშენებლობაა, რადგან ახალი შენობების რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება როგორც მთელს მსოფლიოში, ისე – საქართველოში. ამიტომაც, მშენებლობის პროცესში ეკოლოგიური მასალების გამოყენება და მათი საზოგადოებაში პოპულარიზაცია დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კონკრეტულად, რას ნიშნავს ეკოლოგიური სამშენებლო მასალები, იყენებენ თუ არა მათ საქართველოში არსებული კომპანიები და როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს მიმართულება? ამ და სხვა კითხვებს „მწვანე მშენებლობის საბჭოს“ დირექტორი, ლევან ნათაძე პასუხობს.

რას გულისხმობს ტერმინი “ეკოლოგიური სამშენებლო მასალები”?           

-ზოგადად, ეკოლოგიურ მასალას, ისე როგორც ეკოლოგიურ მშენებლობას, ორი მნიშვნელობა აქვს: პირველი – მისი შექმნა და გამოყენება არ უნდა აზიანებდეს გარემოს; მეორე – მისი გამოყენება არ უნდა აზიანებდეს შენობით მოსარგებლე ადამიანის ჯანმრთელობას.

ფართო მასებში უფრო მეტად მეორე მნიშვნელობაა გავრცელებული.

შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ, რომ მშენებლობაში ეკოლოგიური მასალის გამოყენება თანამედროვე სამყაროში უკვე საკმაოდ პოპულარული ტენდენციაა?

-მსოფლიოში ეკოლოგიური მასალების გამოყენება არა მარტო პოპულარულია, არამედ, გარკვეულწილად, ნორმაც არის. მასალების შემადგენლობა რეგულირდება ნორმებით, ხოლო ნორმაზე კარგი მახასიათებლები ითვლება პრემიუმ ნიშად ანუ მწვანედ, მაშასადამე, პოპულარულია.

რას აძლევს მშენებლობაში ეკოლოგიური მასალის გამოყენება უშუალოდ მობინადრეს?

-მობინადრის მოგება არის, პირველ ყოვლისა, ჯანმრთელობა. ასევე, იმ ხარჯის თავიდან აცილება, რაც შეიძლება, მავნე მასალამ გამოიწვიოს.

აქტუალურია თუ არა ეს მიმართულება საქართველოში და რამდენად იყენებენ საქართველოს ბაზარზე არსებული სამშენებლო კომპანიები ეკოლოგიურ მასალებს?

-ჯერჯერობით, ცნობადობა დაბალია. დეველოპერები სარგებლობენ დაბალი ცნობადობით, ასევე, კანონმდებლობაში ამ სფეროში არსებული ნიშით და მომხმარებლებს არ აწვდიან სრულ ინფორმაციას მასალების მიერ გამოწვეული საფრთხეებისა და ზიანების შესახებ, რადგან მომხმარებლები, ხშირ შემთხვევაში, ამას არც ითხოვენ.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური სამშენებლო მასალების პოპულარიზაცია საზოგადოებაში და, ამ მხრივ, ადამიანების ცნობიერების დონის ამაღლება, რათა მათ საცხოვრებელი ბინების შეძენის თუ აშენების პროცესში, პრიორიტეტი სწორედ ეკოლოგიურ ფაქტორს მიანიჭონ?

-დღესდღეისობით, ამ სფეროში კარგ გამოცდილებას მხოლოდ ერთეულები იმეორებენ, ისიც, გარკვეულ ობიექტებზე. უმეტესწილად მაშინ, თუ თვითონ უნდა იცხოვრონ ან იმუშაონ შენობაში.

საჭიროა ცნობიერების ამაღლება და საინჟინრო კვალიფიკაციის გაზრდა, რათა ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე მოთხოვნა შეიქმნას. ასევე, საჭიროა რეგულაცია, რადგან ყველა მომხმარებელს ვერ ექნება კარგის და ცუდის გარჩევის საშუალება. რეგულაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე უფრო მაღალ დონეს – პრემიუმ სეგმენტს – მწვანე შენობების სერთიფიცირების ფართოდ გავრცელება მოაწესრიგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები