ამირან გამყრელიძე: გაბრაზებული არა, დაღლილი ვარ
“გაბრაზებული არა, დაღლილი ვარ”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ არის გაბრაზებული საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ.
გამყრელიძის თქმით, სხდომაზე ყველა აუცილებელი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული.
“სერიოზული რეკომენდაციები გაითვალისწინეს, მათ შორის, მკაცრი ზომების მიღება ყველაზე დიდ „ბუსტერებთან“ დაკავშირებით, რომელიც გახლავთ ქორწილები, ქელეხები, ამ დარბაზების დალუქვამდე მისვლა და ხალხმრავალი ადგილების აკრძალვა. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია აღსრულებაზე. დარწმუნებული ვარ, აღსრულება მაქსიმალური იქნება, რომელიც სერიოზულ შედეგს მოიტანს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ეპიდსიტუაციაში და მარტო ის, რომ გემუქრებით ჯარიმით, დალუქვით, ასევე არ უნდა იყოს. ჩვენ თვითონ უნდა გავითავისოთ, რომ ყველაზე დიდი „ბუსტერი“ გახლავთ სწორედ ეს შეკრებები. ამიტომ, უარი უნდა ვთქვათ მათზე. თუ არადა, დალუქავენ დარბაზებს და ეს იქნება”, – განაცხადა გამყრელიძემ.