ირაკლი ღარიბაშვილი – ჟურნალისტებს: ლაშა ბექაურს თქვენ რომ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით? – მეტ-ნაკლებად დისტანციის დაცვით ვისხედით
“ჩვენთვის საამაყო ახალგაზრდა კაცთან, ლაშა ბექაურთან, მისი მოწვევით ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, დედოფლისწყაროში ვიმყოფებოდი. ორივე ვართ აღნიშნული რაიონიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ლაშა ბექაურის ოლიმპიურ ჩემპიონობასთან დაკავშირებით გამართული შეკრების თაობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ლაშა ბექაურთან სტუმრობის დროს კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ დაურღვევია.
„ჩავედი სოფელში, ხალხთან ერთად მისი ტრიუმფალური გამარჯვება აღვნიშნეთ. ამის შემდეგ რაც გაიმართა, ყველამ ნახეთ. სუფრას რამდენიმე ათეული ადამიანი, ძირითადად სოფლის მოსახლეობა და ჩვენი მეგობრები ესწრებოდნენ. თქვენ არ ვიცი რა კადრები ნახეთ, იქ იყო ჩვეულებრივი დისტანცია, სადაც ჩვენც, როგორც შეგვეძლო, მეტ-ნაკლებად, დისტანციის დაცვით ვისხედით. ახლა კი მე გკითხავთ გულწრფელად, ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით?“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილის თქმით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ეპიდვითარება ძალიან მსუბუქია.
მისივე განმარტებით, ბექაურის ოლიმპიურ ჩემპიონობასთან დაკავშირებულ წვეულებამდე ბევრი ადამიანი წინასწარ გაიტესტა და ყველაფერი წესრიგში იყო.
ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში კადრები გავრცელდა, სადაც პრემიერ-მინისტრი სუფრაზე იმყოფება. აღნიშნულს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.