ირაკლი ღარიბაშვილი: მე ავიცერი „ფაიზერის” ვაქცინით – მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა
‘დღეს მე ჩავიტარე აცრა, ავიცერი „ფაიზერის” ვაქცინით. მოგეხსენებათ, რომ 4 თვის წინ მე გადავიტანე კოვიდი, საკმაოდ იოლ ფორმებში, მაგრამ ამის მიუხედავად, მე სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რათა კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც “ფაიზერის” პირველი დოზით აიცრა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას თხოვნით, რომ ყველამ ჩაიტაროს აცრა.
„ძალიან ბევრი შემთხვევა არის იმის, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი. ძალიან ბევრი, სამწუხაროდ, ტრაგიკული ისტორიები ვიცით ჩვენ უკვე, ვინაიდან, მათ შემდეგ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა სიკვდილიანობა დამდგარა. ამის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი, რაც მთავრობას შეუძლია და ზოგადად, მეცნიერებს მთელ მსოფლიოში, შესთავაზოს მოსახლეობას, არის აცრა. ერთადერთი გამოსავალი, ამ სიტუაციაში, პანდემიის დასამარცხებლად, არის ვაქცინაცია. ჩვენ და მსოფლიომ გამოსცადა ყველაფერი, მათ შორის, „ლოკდაუნები”, მკაცრი „ლოკდაუნები”, სრული ჩაკეტვები და ა.შ. რამაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას, ათასობით, ასიათასობით, მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში დარჩა უმუშევარი და რეალურად, დაინგრა ეკონომიკები. ჩვენ, ახლა, ბოლო თვეების განმავლობაში, ჩენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში. ჩამოვიტანეთ 3 მლნ.-ზე მეტი ვაქცინა, ყველანაირი ვაქცინები გვაქვს, გვაქცს ჩინურიც, ტრადიციული ვაქცინა, გვაქვს „ფაიზერი”, თითქმის მილიონი დოზა უკვე შემოსული არის და ჯამში გვაქვს 3 მლნ. ვაქცინა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.