,,დესტრუქციული პოლიტიკური ძალები მცდარი სურათის წარმოჩენას ცდილობენ’’ – გიორგი დოხტურიშვილი ,,თბილსერვის ჯგუფის’’ თანამშრომლების გაფიცვას ეხმაურება

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დოხტურიშვილი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გაფიცვას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, შექმნილი სიტუაცია არ ასახავს რეალურ სურათს და სინამდვილესთან ახლოა აზრი, რომ ის დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მიერ ინსპირირებულია.

,,სამწუხაროდ, დესტრუქციული პოლიტიკური ძალები ისევ ცდილობენ, წარმოადგინონ არსებული მდგომარეობის მცდარი სურათი.
თბილისის მერია წლის განმავლობაში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან რეგულარულად აწარმოებდა და დღესაც აწარმოებს შეხვედრებსა და კონსულტაციებს. თბილისის მუნიციპალიტეტი გულისყურით ეკიდება თანამშრომლების მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად უმკლავდება არსებულ პრობლემებს.
რაც შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას: თბილისის მერია ყოველწლიურად შეისყიდის თანამშრომლების სპეცტანსაცმელსა და ტექნიკურ აღჭურვილობას. შპს “თბილსერვის ჯგუფის” ახალ მანქანებთან დაკავშირებით თბილისის მერმა პრეზენტაცია გამართა’’, – აღნიშნა გიორგი დოხტურიშვილმა.

საკრებულოს წევრმა კონკრეტული მონაცემებიც წარმოადგინა, სადაც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ბიუჯეტის ზრდა 2017 წლიდან დღემდე შემდეგნაირად აისახა:

,,2017 წელს დაფინანსება წარმოდგენილი იყო 51 მილიონი ლარით; ხოლო
2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 76 მილიონ 254 ათასი ლარი.
როგორც ხედავთ, დაფინანსება 2017 წელთან შედარებით გაიზარდა 25 მილიონ 254 ათასი ლარით.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში განხორციელდა ხელფასების 20%-იანი მატება და 5 მილიონ 800 ათასი ლარით გაიზარდა შპს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების დაფინანსება. ა.წ. 23 ივლისს დაკორექტირდა ბიუჯეტი და თბილისის საკრებულომ 3 მილიონი ლარით გაზარდა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ბიუჯეტი’’, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ამ დროისთვის, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

თანამშრომლების შვიდპუნქტიანი მოთხოვნიდან 6 პუნქტზე შესრულების კონკრეტული თარიღები გაწერილია, ხოლო მეშვიდე პუნქტი – ხელფასების გაზრდა, 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება.

,,სამარცხვინოა ამ დროს პოლიტიკური სუბიექტების გამოჩენა და აღნიშნული საკითხით სპეკულაცია. მათთვის მთავარი ამოცანა არ არის საკითხის გადაჭრა, მათი მთავარი მიზანი არის წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური დივიდენდების მიიღება და მედიასთან კეკლუცობა“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები