შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის აპარატი: სამშვიდობო პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელება უაღრესად მნიშვნელოვანია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„13 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით, ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს განუყოფელი ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია მოახდინა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
განვლილი წლების მანძილზე, რუსეთს არ შეუწყვეტია და კვლავაც განაგრძობს ოკუპირებული რეგიონების ოკუპაციას, ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ნაბიჯებს, მილიტარიზაციას, რითაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ამასთან, საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას, რაც გამოიხატება ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, უკანონო დაკავებებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე, სამედიცინო დახმარებასა და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით და სხვა უკანონო ქმედებებით.
საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები კოვიდ-19 პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა ხელოვნურად იზოლირებული მოსახლეობა ახალგორის რაიონში, სადაც ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა.
კვლავაც უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ორი მოქალაქე – ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი. დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები. ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით ათასს ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირს დღემდე არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით ადგენს, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, და შესაბამისად აკისრებს მას სრულ პასუხისმგებლობას მიმდინარე ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტისა და საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხი ჰუმანიტარულ ჭრილში, საერთაშორისო პარტნიორებთან გაერთიანებული ძალისხმევის შედეგად უახლოეს მომავალში გადაწყდეს, შეწყდეს დაუსჯელობა და პასუხისგებაში მიეცეთ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაზე პასუხისმგებელი პირები, შეიქმნას შესაბამისი პირობები დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ასევე დაცულ იქნას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები. აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის ფედერაციის კონსტრუქციული ჩართულობის აუცილებლობას ჰუმანიტარული საკითხების, პოლიტიზების გარეშე, დაუყოვნებელი გადაწყვეტის მიზნით.
კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე ოკუპაციისა და ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის პირობებშიც კი, სახელმწიფო მინისტრის აპარატი მტკიცედ და განუხრელად აგრძელებს ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას. დეოკუპაციასთან ერთად, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დეპოლიტიზირებული დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ, ნდობის მშენებლობისა და ჩართულობის პროცესის გააქტიურებისკენ; ასევე, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიან განხორციელებასთან ერთად, დაიწყო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვა, რომელიც დაეფუძნება მიღწეულ შედეგებს, ჯეროვნად ასახავს არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს.
სამშვიდობო პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული ქმედებების აღკვეთისა და ხალხთაშორისი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.