“თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს.
პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს ხელფასები პირველი იანვრიდან გაეზრდებათ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა ხელფასის გაზრდა 50%-ით, როგორც ამას გაფიცული თანამშრომლები ითხოვდნენ.
როგორც „თბილსერვის ჯგუფთან“ და თბილისის მერიის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ პროფკავშირების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ მათი 7-პუნქტიანი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
მისივე თქმით, 7-დან 6 პუნქტი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებზე კონკრეტული თარიღების მითითებას ითვალისწინებდა, 15 დღეში დაკმაყოფილდება, ხოლო მე-7 პუნქტი – ხელფასის გაზრდა კი, პირველი იანვრიდან.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ და გაფიცვა შეწყვიტეს.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაოს 6 აგვისტოსვე დაუბრუნდა. შეზღუდული პასუხიმგებლობის საწარმოს ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.
გაფიცულები ხელფასის მომატებას, სამუშაო გრაფიკის პირობების გაუმჯობესებასა და უნიფორმებს ითხოვდნენ.