ფინანსთა მინისტრი: ჩვენი მიზანია, ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი. „Fitch”-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით და რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებით, აღნიშნული მიზანი კიდევ უფრო ცხადი და მიღწევადი გახდა
„ჩვენი მიზანია, ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი. „Fitch”-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით და რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებით, აღნიშნული მიზანი კიდევ უფრო ცხადი და მიღწევადი გახდა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვლმა სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების შეფასებისას.
მისი თქმით, სარეიტინგო სააგენტო „Fitch”-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან” „სტაბილურამდე” გააუმჯობესა.
„მნიშვნელოვანია, რომ ამით ქვეყანა დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს. „Fitch”-ის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს იქნება პროგნოზირებულზე უფრო მაღალი 7.8 პროცენტი, რომელიც აღემატება საბაზისო სცენარში ჩვენ მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღებამდე ქვეყანას დარჩა 2 საფეხური და რომლის მიღწევაც განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანას”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.