ანდრია ბასილაია: თბილისის მერი არასდროს საუბრობს მუქარის ტონით, რადგან კარგად იცის თითოეული თანამშრომლის ფასი

თბილისის მერი არასდროს საუბრობს მუქარის ტონით, რადგან კარგად იცის თითოეული თანამშრომლის ფასი, – ასე გამოახმაურა დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მერი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა მუშაობით უკმაყოფილოა.

მისივე თქმით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ნაწილი სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდა. ნაწიულთან კი აქტიური კომუნიკაცია გრძელდება.

„გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს, ქალაქის მერი უკმაყოფილია „თბილსერვისის“ თანამშრომლებით და აპირებს ისინი დასაჯოს. ეს სრული სიცრუეა. ვერცერთ ფაქტს ვერ დამისახელებს ვერავინ, რომ მერი, მერის მოადგილე ან თუნდაც „თბილსერვისის“ მენეჯმენტი მსგავს განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლებს. როგორც უკვე აღვნიშნე, მზად ვიყავით და ვართ დიალოგისთვის. დღესაც, მთელი დღის განმავლობაში, „თბილსერვისის“ თანამშრომლები სხედან ერთად და ამ დიალოგს ვაწარმოებთ. ჩვენი კარი ღია იყო გუშინაც, ერთი თვის წინაც. ზოგადად, ჩვენ არასდროს გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა. ეს ეხება არა მხოლოდ „თბილსერვისს“, არამედ მერის მოადგილეებს და მერსაც.

რა თქმა უნდა, ნარჩენების გატანა სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია. სამუშაო პროცესი უკვე ნაწილობრივ აღდგენილია. ღამის საათებში სათადარიგო ავტომანქანები დაემატება. ჩვენს თანამშრომლებთან დიალოგს გავაგრძელებთ, თუმცა პარალელურად, ჩვენივე რესურსის მობილიზებას მოვახდენთ, იმისთვის, რომ ნარჩენების გატანა შეუფერხებლად მოხერხდეს“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები