გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილი ძალიან კარგად თანამშრომლობს რუსეთთან
“ასეთი ინფორმაციები თუნდაც ცრუ, რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე არსად გადის. ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი ძალიან კარგად თანამშრომლობს რუსეთთან”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანია რუსეთიდან 2 მილიარდი დოლარით დაფინანსდა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის და რუსეთის ინტერესების თანხვედრის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს.
„სააკაშვილის ეს განცხადება ნიშნავს, რომ რუსეთს და სააკაშვილს აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობები, რადგან ასეთი ინფორმაციები თუნდაც ცრუ, რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე არსად გადის. ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი ძალიან კარგად თანამშრომლობს რუსეთთან. ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს ეჭვი და საჯაროდ, მტკიცებულებების დონეზე ვერ მოიტან, მაგრამ არაერთი ფაქტი არსებობს, რომ სააკაშვილის და რუსეთის ქმედებებს შორის ხშირად ყოფილა ინტერესების თანხვედრა. ამაზე მეტყველებს გაყიდული ენერგორესურსები, სტრატეგიული ობიექტები და ა.შ. ამიტომ მე არ გამიკვირდება, რომ სააკაშვილის და რუსეთის ტანდემი რაღაც საკითხებში არსებობდეს. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილის საკითხი საქართველოში აქტუალური საერთოდ არ არის, ეს თვითონ უნდა რომ იყოს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “მთელი ეს დევნა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის ორგანიზებული, ახლა მაინც უნდა მიხვდეს ყველა – არის პირდაპირი შეკვეთა პუტინის და რუსეთი, არც არასდროს არ მალავდა ამას, რომ ივანიშვილი ჩემს მიმართ, სისხლის სამართლის საქმეების შეთითხნით, ცარიელ ადგილზე, აუცილებლად ახდენდა სისხლის სამართლის საქმეების შექმნას, რათა ესიამოვნებინათ მათ, ხელისუფლებაში მომყვანებისთვის, რომელთაც თავის დროზე, საარჩევნო კამპანიისთვის ივანიშვილს მისცეს ორი მილიარდი დოლარი – ოღონდ შეეჩერებინათ საქართველოს განვითარება და წინსვლა. ჩვენ ბოლომდე წავალთ საქართველოს გასათავისუფლებლად და შემდეგ, აუცილებლად დავალაგებთ ურთიერთობას, ყველა ჩვენს მეზობელთან”.