მიხეილ სარჯველაძე: ვიდრე რუსეთის მხრიდან საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ მოხდება, თანამშრომლობის საკითხი განხილვად არ ღირს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრ ბიკანტოვის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.
სარჯველაძის თქმით, დეოკუპაციის რეჟიმში მყოფი ქვეყნისთვის ასეთი განცხადება და შემოთავაზება მისაღები არ არის.
„ვფიქრობ, რომ ეს კამათს არ იწვევს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, დამნაშავე სწორედ რუსეთია. ეს არის ფაქტი. მით უმეტეს, სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს მოწმობს და ადასტურებს. დეოკუპაციის რეჟიმში მყოფი ქვეყნისთვის ასეთი განცხადება და შემოთავაზება მისაღები არ არის. ქვეყნის დეოკუპაციის გარეშე სხვა საკითხი არ განიხილება და ეს უნდა გაითვალისწინოს რუსეთმა. ვიდრე არ მოხდება საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება რუსეთის მხრიდან ოკუპაციასთან დაკავშირებით, მანამდე განხილვად ეს ყველაფერი არ ღირს. ჟენევის ფორმატის შენარჩუნება ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია და უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობები შეიძლება ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს, როცა გვაქვს ოკუპაცია, ეს არის გამორიცხული“, – განაცხადა სარჯველაძემ.