თამარ გაბუნია: პროგნოზი მიუთითებს, რომ სურათი იცვლება, თუ მივაღწევთ ნიღბების გამოყენების 95 პროცენტს
“ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზი მიუთითებს, რომ სურათი მნიშვნელოვნად იცვლება, თუ ჩვენ მივაღწევთ ნიღბების გამოყენების 95 პროცენტს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეებმა პირბადის გამოყენების წესი მკაცრად უნდა დაიცვან.
“ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზი მიუთითებს, რომ სურათი მნიშვნელოვნად იცვლება, თუ ჩვენ მივაღწევთ ნიღბების გამოყენებას 95 პროცენტის შემთხვევაში. ამდენად, ყველაზე ქმედითი და ეფექტური საშუალება, რაც პრევენციის მიზნით შესაძლებელია რომ გამოყენებული იქნას, ეს არის პირბადის გამოყენება როგორც გარე სივრცეში, ასევე დახურულ სივრცეში.
ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, ვინმე ამ პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემს თუ არა, დააჯარიმებს თუ არა და ა.შ. მთავარია აღსრულდეს ეს წესი. დღეს ვართ პირბადის გამოყენების დაახლოებით 50-პროცენტიან ნიშნულზე, თუ გავაუმჯობესებთ თუნდაც 30 პროცენტით, მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, როგორც ინფიცირების შემთხვევების გავრცელებაში, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი პირდაპირ უკავშირდება ინფიცირების შემთხვევებს“, – განაცხადა გაბუნიამ.