“ეს არის მეორე შემთხვევა” – ოლიმპიური ნაკრების წევრს დოპინგი დაუდასტურდა
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს დოპინგი დაუდასტურდა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი.
დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.
მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.
აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელის პალიკო კასრაძის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის.
“პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თავად სპორტსმენზეა პირველ რიგში და ყოველთვის ის აგებს პასუხს. იმ დროს, როდესაც ჩვენ გავუკეთეთ ტესტი ბენიკ აბრამიანს, ის ჯერ კიდევ არ იყო ოლიმპიური გუნდის წევრი, ის იყო კანდიდატი და მას კიდევ ჰქონდა დარჩენილი შეჯიბრება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ტესტი ავიღეთ, შემდეგ ის წავიდა იმ შეჯიბრებაზე, ერევანში ჩატარდა ეს შეჯიბრება, სადაც მან მოიპოვა ეს ლიცენზია. აბრამიანს 2012 წლის წინა შეჯიბრებაზეც ამოუვიდა ეს ნივთიერება, მაშინ 2 წლიანი იყო დისკვალიფიკაცია და მან ეს მოიხადა. მახსოვს, მაშინ ის იბრძოდა კიდევაც და წერილებითაც მიმართა სხვადასხვა ორგანოებს, თითქოს ჩაგრავდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო. ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, ახლა უკვე პრაქტიკულად, ეკუთვნის ან 8 წლიანი ან სამუდამო დისკვალიფიკაცია“,- აცხადებს პალიკო კასრაძე.
ცნობისთვის, სპორტსმენს დოპონგი ორგანიზმში რამდენიმე წლის წინაც დაუდასტურდა.