თამარ ტალიაშვილი: რეზოლუციაში დადასტურებულია, რომ სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია

დღეს დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია მივიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რეზოლუციაში დადასტურებულია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტია.

,,დღეს დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია მივიღეთ.

რეზოლუციაში ასახულია საქართველოსთვის ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ფაქტი, კერძოდ, საქართველოს სასარგებლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით.

ასევე დადასტურებულია ის გარემოება, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია.

აღნიშნულია საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რეზოლუციაში ასახულია მოწოდებები რუსეთის ფედერაციის მიმართ.

ასევე საყურადღებოა, რეზოლუციის წარდგენის დროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკა სამხარაძემ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, მედიას და საზოგადოებას, რომ საუბარში თუ ოფიციალურ დოკუმენტაციაში თანამიმდევრულად გამოიყენონ ტერმინი ოკუპირებული “ცხინვალის რეგიონი” და არა “სამხრეთ ოსეთი”. “სამხრეთ ოსეთი” საბჭოური ტერმინია, საბჭოთა პოლიტიკის შედეგი, რომელიც 1922 წელს დამკვიდრდა. მნიშვნელოვანია სწორი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი სახელდება,”- წერს ტალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები