გივი მიქანაძე ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ მკვლევარებს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გივი მიქანაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ მკვლევარებს შეხვდა, რომელთა შესწავლის ძირითად საგანს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების გამოწვევები წარმოადგენს.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს. ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში საქართველოს როლზე, ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ გამოწვევებზე.
გივი მიქანაძემ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა. ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გაცხადებულ სამომავლო გეგმას, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.