ლევან იოსელიანი: „ნაცმოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელმა „ქართულ ოცნებას“ საშუალება მისცა, რომ შეთანხმებაზე უარი ეთქვა
„ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელმა „ქართულ ოცნებას“ საშუალება მისცა, რომ შეთანხმებაზე უარი ეთქვა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის თანაბარი უპასუხისმგებლობა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იჩენდა.
„წარმოუდგენელი ენერგია დახარჯა ქვეყანამ და პოლიტიკურმა სპექტრმა, რათა ეს შეთანხმება მიღწეული ყოფილიყო. „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე უარი ცალმხრივად თქვა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ამის გაკეთების საშუალება „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხიმგებლო საქციელმა მისცათ, როდესაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და ხელ-ფეხი გაუხსნა „ქართულ ოცნებას“, შეთანხმებაზე უარი ეთქვა.
ეს არის თანაბარი უპასუხისმგებლობა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იჩენდა. ჩემთვის ეს არ იყო დიდი სიურპრიზი, რადგან ხშირად ამბობდნენ, რომ ეს პროცესი აქამდე მივიდოდა. საკონსტიტუციო ცვლილებები გადასარჩენია, რადგან ამაზე უარის თქმა შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში შედიოდეს, რომ მომავალი არჩევნებისთვის 2 -პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი არ იყოს. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს, თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად გადააქციოს და ამისთვის მოხდა ანულირება. ეს აქამდე რომ მივიდოდა, პარტიებში უნდა ყოფილიყო განხილული. ჩვენ ვმსჯელობდით, რომ ამას გამოიწვევდა. თვითმმართველობის არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეთ, საარჩევნო ბარიერი უნდა შემცირდეს და სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. პოლარიზების შემცირებას უნდა შევეცადოთ. „ქართულ ოცნებასთან“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 15 არჩევნები აქვს წაგებული და ეს ციფრი უფრო გაიზრდება. მნიშვნელოვანია, სხვა პარტიების გაძლიერება. მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმრავლესობა უარს არ იტყვის, მაგრამ ამას სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებიც“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.