ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნება” პირნათლად ასრულებდა დოკუმენტის თითოეულ პუნქტს – საპატიმრო დატოვა დოკუმენტში მოხსენიებულმა ორივე კრიმინალმა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის თითოეულ პუნქტს პირნათლად ასრულებდა.
“გუშინ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერიდან 100 დღე შესრულდა. ამ დროის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ პირნათლად ასრულებდა დოკუმენტის თითოეულ პუნქტს:
საპატიმრო დატოვა დოკუმენტში მოხსენიებულმა ორივე კრიმინალმა;
პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც გართულდა პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა;
ორი მოსმენით მივიღეთ კანონი ამნისტიის შესახებ და ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს დავუტოვეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო კანონის მესამე მოსმენით მიღებასა და შესაბამისად, ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი დოკუმენტის სრულფასოვან აღსრულებაში;
განვახორციელეთ ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა, არსებითად გავზარდეთ ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში, შემოვიღეთ საარჩევნო უბნების სულ მცირე 10 პროცენტის გადათვლის გარანტია, დავაწესეთ 100-მეტრიანი რადიუსი საარჩევნო უბნების გარშემო და ა.შ.;
დავაინიცირეთ კონსტიტუციური კანონპროექტი საარჩევნო ბარიერის, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისა და გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ;
19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, თავი შევიკავეთ არსებული წესების მიხედვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისგან, „დავაპაუზეთ“ პროცესი, ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების მიხედვით გადავსინჯეთ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმები და ახალი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე ავირჩიეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;
დავიწყეთ მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე, რომელიც, დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლის ივნისამდე უნდა განხორციელებულიყო;
არაერთგზის განვაცხადეთ, რომ კომიტეტის თავმჯდომარეებისა და დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობებს ოპოზიციას შემოდგომაზე გავუნაწილებდით, როგორც ამას 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებდა”,- განაცხადა კობახიძემ.