ლადო ბოჟაძე – ცესკოს თავმჯდომარე და წევრები სავარაუდოდ 6 თვით იქნებიან არჩეული

ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები, სავარაუდოდ, მხოლოდ 6 თვით იქნებიან არჩეულები, – ამის შესახებ საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანლმა, ლადო ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბოჟაძე პარლამენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიონალი წევრების არჩევის საკითხს გამოეხმაურა.

„საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების და საგამოძიებო კომისიის მუშაობის საკითხები, ორივე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ გეგმას უკავშირდება – 3 ოქტომბერს ახლა უკვე ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადონ. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს: იცით, რომ ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში „ქართული ოცნებიდან“ იყო პირობა, რომ თუ 1 %-იანი გადახრა დაფიქსირდებოდა გაყალბებასთან მიმართებაში, რიგგარეშე არჩევნები გვექნებოდა და ეს შანსი ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა. შემდეგ იყო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ასევე იყო ძალიან სერიოზული შანსი იმისათვის, რომ ოპოზიციას შესაბამისი მტკიცებულებები წარედგინა და უკვე საპარლამენტო დონეზე დადასტურებულიყო მათ მიერ შეთხზული მითი, რომ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა. ეს შანსი ოპოზიციამ შეგნებულად გაუშვა, სწორედ იმიტომ, რომ მითი მითად დარჩენილიყო, მუდმივად იყოს საუბარი იმაზე, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა.

აღარ ვსაუბრობ „ეუთოს“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე.

რაც მთავარია, საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი: იცით, რომ თამარ ჟვანია გადადგა სწორედ მაშინ, როცა მიღებული იქნა ახალი ცვლილებები, რითაც ოპოზიციას ექნებოდა შანსი, მონაწილეობა მიეღო მინიმუმ ცესკო-ს თავმჯდომარის, თუ წვერების დაკომპლექტებაში. კიდევ უფრო მთავარი, ოპოზიციას ჰქონდა რეალური შანსი, თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურაც კი გაეყვანა. წარმოიდგინეთ, რომ ოპოზიციას სამოქალაქო სექტორიდან ვინმე ღირსეული კანდიდატი შეერჩია, რომელსაც კომისია პრეზიდენტთან წარადგენდა, პრეზიდენტი კი პარლამენტში წარადგენდა , ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერდა მხარს და წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა „ქართული ოცნება“, რომელსაც მოუწევდა, ჩაეგდო ის კანდიდატურა, რომელიც ყველასთვის სამოქალაქო სექტორისთვისაც, ოპოზიციისთვისაც მისაღები იქნებოდა. თუმცა, ოპოზიციამ ეს შანსიც გაუშვა ხელიდან სწორედ იმ მიზეზის გამო, რაც გითხარით, 3 ოქტომბერს ხელახლა უნდა დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ „ქართული ოცნება“ სამართლიან არჩევნებში ვერ შეძლებდა , დამოუკიდებლად გადაელახა 43 %-იანი ბარიერი და ა.შ. ბუნებრივია, ოპოზიცია საკუთარ ნომინირებულ თავმჯდომარეს და წევრებს არჩევნების გაყალბებას ვერანაირად დააბრალებდა. აქედან გამომდინარე, სრულიად რელურია ის სცენარი და შიშები, რომელზეც მე ვსაუბრობ: ახლაც ხედავთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები, სავარაუდოდ, მხოლოდ 6 თვით იქნებიან არჩეულები“ – განაცხადა ბოჟაძემ.

მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო დაძაბული იქნება.

„როგორც გითხარით ისიც, რომ საგამოძიებო კომისიას სათოფეზე არ გაეკარა ოპოზიცია და არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ 2020 წლის არჩევნების გაყალბების თაობაზე მითი მითად უნდა დარჩეს, რაც ხელს შეუწყობს კიდევ ერთი ახალი მითის წარმოქმნას: რომ 2021 წელსაც არჩევნები გაყალბებული იქნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითქოს „ქართული ოცნება“ 43 %-იანი ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებდა. ამას, რა თქმა უნდა, დაემატება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები, სადაც აღმოჩნდება, რომ „ქართულ ოცნებას 40%-ზე მეტი აქვს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში 43%-ზე მეტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გიორგი გახარიას ფაქტორი, რომელიც ჩემი აზრით, ყველა შემთხვევაში ამ არჩევნებში მესამე ადგილზე გავა. მას ექნება მხოლოდ ერთნიშნა პროცენტი, მაგრამ აქაც იქნება რიცხვებით მანიპულაცია: რომ აი, „ქართული ოცნების“ 48%-ს გამოვაკლოთ გახარიას მიერ აღებული პროცენტები, ხომ ხედავთ, რომ ძალიან ახლო ზღვარზე ვართ 43 %-თანო. ეს არის ის სცენარი, რომლისკენაც ოპოზიცია მიდის. დარწმუნებული ვარ, პროცესები კიდევ უფრო დაძაბულობისკენ იქნება წარმართული, სწორედ იმიტომ, რომ დაძაბული წინასაარჩევნო გარემო და უშუალოდ არჩევნების შემდგომი პერიოდი იყოს“ – განაცხადა ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასარჩევად წარმოდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კიდევ ერთხელ, მესამედ გუშინ უყარეს კენჭი, თუმცა, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მათი არჩევა ვერც ამ შემთხვევაში მოხერხდა.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შვიდმა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა სამმა დეპუტატმა, რვა კი წინააღმდეგი იყო.

მომდევნო კვირას აღნიშნულ კანდიდატურებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება კენჭი. 76-ხმიანი კვორუმით არჩევის გამო, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება.

რაც შეეხება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას – დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ მოუხდენია.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში ყველა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების მოძიების, გაანალიზებისა და დამუშავების შედეგად დადასტურდა ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ჩატარებული ძირითადი თავისუფლებების დაცვით. დადასტურდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკომ უზრუნველყო კოვიდუსაფრთხო გარემო საარჩევნო უბნებზე, ხოლო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამოხატული თავისუფალი ნება პროპორციულად აისახა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმში”, – წერია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები