დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზებული პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ევროპის საბჭოს პროექტის – „დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზებული პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა – დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ძირითადი ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები, მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებების სტანდარტი, სასამართლოში საქმის განხილვის სპეციფიკა, შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის და დასაბუთების სირთულეები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერული დისკრიმინაციის მოტივის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის, შშმ, რელიგიის და სხვა ნიშნების სპეციფიკის განხილვას და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების უზრუნველყოფას.

მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი, უახლესი საერთაშორისო სტანდარტები და ტენდენციები გააცნო. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა მემორანდუმის ფარგლებში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგია განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსამართლეთა და პროკურორთა ერთობლივი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობას, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მოსაზრებების გაზიარებას და საერთო მიმართულებების დასახვას, რაც დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიან ბრძოლას მნიშვნელოვნად გაზრდის.

შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები