,,გირჩი” – ვეძებთ კომისიის წევრობის მსურველებს 60 ოლქში
„გირჩი“ არჩევნებისთვის 60 ოლქში კომისიის წევრობის მსურველებს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„2021 წლის 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე, გირჩს 73-ვე საარჩევნო ოლქში ეკუთვნის საოლქო კომისიის წევრების ადგილები. თითო ადგილი თითო ოლქში. საოლქო კომისიის წევრს უწევს წინასაარჩევნოდ 2 თვე მუშაობა + 1 თვე, თუ მეორე ტური ჩაინიშნა მის ოლქში. ამ შესრულებულ სამუშაოში ის აიღებს ხელფასს, საშუალოდ 1 500 ლარს (გააჩნია ოლქს). ამ 73 ოლქიდან ჩვენ ვეძებთ კომისიის წევრობის მსურველებს 60 ოლქში! ყველგან, გარდა თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ბათუმისა.
რა ევალება საოლქო კომისიის წევრს?
ცესკოს მხრიდან დაგევალებათ:
დაესწროთ თქვენს ოლქში ჩატარებულ შეხვედრებს, სადაც კომისიის წევრები კომისიის მუშაობის სპეციფიკას გაივლით და “შეთამაშდებით”. ჯამში, დაახლოებით 10 შეხვედრას.
არჩევნების დღეს, თითქმის 24 საათიან რეჟიმში იმუშაოთ საოლქო კომისიაში, რათა დააკვირდეთ იქ პროცესებს და თუ ყველაფერი წესიერად იქნება, ხელი მოაწეროთ ოლქის შემაჯამებელ ოქმზე.
გირჩის მხრიდან დაგევალებათ:
დაიცვათ ჩვენი ხმები თქვენს ოლქში. ხაზზე იყოთ საუბნო კომისიების წევრებთან (ერთ ოლქში ბევრი უბანია) და დარწმუნდეთ, რომ უბნებიდან მიღებული გირჩის ხმების ჯამი ზუსტად იქნება ჩაწერილი საოლქო კომისიის შემაჯამებელ ოქმში.
იყოთ ხაზზე გირჩის ცენტრალურ ოფისთან და მოგვაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია დარღვევებზე თუ სიმშვიდეზე.
არჩევნებამდე იპოვნოთ 24 ადამიანი (16 კაცი და 8 ქალი), რომლებიც დაგვთანხმდებიან, იყვნენ გირჩის ადგილობრივ საარჩევნო სიების ტექნიკურ ნაწილში – ეს რას ნიშნავს – იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში გირჩი (36 ნომერი) იყოს ბიულეტენში წარმოდგენილი, საჭიროა ყველა ოლქში საშუალოდ 25 ადამიანიანი კანდიდატების სია წარვადგინოთ. გარდა პირველი ან მეორე გამსვლელი ადგილებისა, სიის დანარჩენი ნაწილის შევსება მოგვიწევს ნაცნობებით, ახლობლებით, რომლებიც ამით არ გახდებიან გირჩის წევრები (უპარტიოები დარჩებიან) და დაგვეხმარებიან სიის მინიმალური რაოდენობა შევავსოთ ყველგან. თუ თქვენ იქნებით ჩვენი ანაზღაურებადი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიებში, ამ 24 ადამიანის პოვნა თქვენი საქმეა (ცოტა ქვემოთ ნახავთ, თუ რა ინფორმაციის შეგროვება დაგჭირდებათ ამ 24 ადამიანზე, რათა ცესკოს წარვუდგინოთ ეს ხალხი, როგორც ჩვენი კანდიდატები).
თუ თქვენს ოლქში რამე წინასაარჩევნო აქტივობას დავგეგმავთ, დაგვეხმაროთ და ჩაერთოთ ყველა შესაძლო ხერხით,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.