გიორგი კაკაურიძე: 75 მილიონი ევრო ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარებაა და მისი არმიღება არ ნიშნავს სანქციას

“75 მილიონი ევრო ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარებაა და მისი არმიღება არ ნიშნავს სანქციას”,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სალომე სამადაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ღონისძიება, რომელიც მატრიცაში იყო გაწერილი შესრულებულია, შესაბამისად დიდი რისკი არ უნდა იყოს.
„რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის ამ მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში მისაღებ 75 მილიონ ევროს, აქ ერთ-ერთი კომპონენტი იყო სასამართლო რეფორმასთან და მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, მათ შორის ექსპერტულ დონეზე, ყველა ეს ღონისძიება, რომელიც იყო მატრიცაში გაწერილი, შესრულებულია, შესაბამისად დიდი რისკი არ უნდა გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური შეფასება მეც მოვისმინე, მთავარია ჩვენ ყველა ეს ღონისძიება შევასრულოთ“, – განაცხადა კაკაურიძემ.
რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ თანხა არ მივიღეთ – ამასთან დაკავშირებით კაკაურიძე აცხადებს, რომ თუ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ექსპერტი ჩათვლის, რომ სასამართლო რეფორმასთან და მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ღონისძიებები არ შესრულდა სრულყოფილად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კონკრეტული ტრანშის მიღების საშუალება არ გვექნება, თუმცა ეს არ ნიშნავს სანქციას.
„მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არ არის სანქცია. თუ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ექსპერტი ჩათვლის, რომ ეს ღონისძიებები არ შესრულდა სრულყოფილად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კონკრეტული ტრანშის მიღების საშუალება არ გვექნება, თუმცა ეს არ ნიშნავს სანქციას. ძალიან მკაფიოდ მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილო და მეორე, ფისკალურად ეს არ წარმოადგენს დიდ რისკს, არც 2021 და არც 2022 წლისთვის, ვინაიდან ეს არის დამატებით აღებული სესხი და სესხის არ აღების შესაძლებლობა წელს ნამდვილად გვაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გაცილებით მნიშვნელოვანი ამ სესხზე და კონკრეტული ვალის აღებასთან მიმართებაში, დღეს არის ის რომ, ჩვენს პარტნიორებთან აღებული ვალდებულებები შესრულდეს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, თითოეული მონაწილე ამ პროცესის, რაც ასახულია ამ მატრიცაში სრულყოფილად შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც აიღო ქვეყანამ“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები