პრემიერმინისტრი პროფესორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში მოღვაწე სახელგანთქმული ქართველი ექიმის, პროფესორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური უსამძიმრებს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ სამედიცინო საზოგადოებას.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გერმანიაში მოღვაწე სახელგანთქმული ქართველი ექიმის, პროფესორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გარდაცვალების გამო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გულშემატკივრობა თავისი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოებისადმი. ის ქართველი კარდიოქირურგების არაერთ თაობას მუდმივად უზიარებდა მათ სფეროში არსებულ თანამედროვე მიღწევებს.
სწორედ ეს არის საკუთარი ქვეყნის სიყვარული და ნამდვილი პატრიოტიზმი. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ვლადიმერის ოჯახს, მის ძმას, გამოჩენილ ქართველ მხატვარს ბატონ გიორგი ალექსი-მესხიშვილს. ამ მძიმე დანაკლისს ვუსამძიმრებ ახლობლებსა და მთელ სამედიცინო საზოგადოებას”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის სამძიმარში.