დავით ზალკალიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნესს, საინვესტიციო გარემოს
“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები რეგიონსა და მსოფლიოში, რაც ასახულია უმნიშვნელოვანესს საერთაშორისო რეიტინგებშიც”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს მდგრადი მაკროეკონომიკური ჩარჩო, მიმზიდველი ბიზნესგარემო და, ამავე დროს, ძლიერი საჯარო ფინანსური მენეჯმენტის მექანიზმი აქვს.
„მოხარულნი ვართ, რომ დეპარტამენტი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნესს, საინვესტიციო გარემოს. წლების განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, საქართველო წარმოადგენს კარგად ფუნქციონირებად და სტაბილურ საბაზრო ეკონომიკას.
ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები რეგიონსა და მსოფლიოში, რაც ასახულია უმნიშვნელოვანესს საერთაშორისო რეიტინგებშიც. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დადებით შეფასებას აძლევენ საქართველოს მიერ არაერთი მიმართულებით გატარებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებსა და პროგრამებს საინვესტიციოს გარემოს გაუმჯობესების, მიმზიდველობის გაზრდის მიზნით.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს მდგრადი მაკროეკონომიკური ჩარჩო, მიმზიდველი ბიზნესგარემო და, ამავე დროს, ძლიერი საჯარო ფინანსური მენეჯმენტის მექანიზმი აქვს, რაც ქვეყანას პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაში ძალიან დაეხმარება. ანგარიშში ასევე მკაფიოდ არის ასახული საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ადასტურებს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანა რჩება რეგიონში ლიდერ, დასავლელი პარტნიორების დასაყრდენ სახელმწიფოდ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.