საქართველოს საპატრიარქო ზაზა გახელაძის გათავისუფლების მიზნით ილია მეორისა და პატრიარქ კირილის მიმოწერას აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ზაზა გახელაძის გათავისუფლების მიზნით ილია მეორისა და პატრიარქ კირილის მიმოწერას აქვეყნებს.

მიმოწერის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს სამადლობელო წერილი ზაზა გახელაძის გათავისუფლების გამო 19 ივლისს გაუგზავნა.

ამასთან, უწმინდეს კირილის მიერ 13 ივლისს გამოგზავნილი წერილით კი ირკვევა, რომ ზაზა გახელაძის გათავისუფლების შუამდგომლობით კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მას 24 ივნისს მიმართა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 14 ივლისს გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

8 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. პრემიერი ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები