“ქურდულ სამყაროსთან” კავშირში ბრალდებულის ადვოკატი: რეალური დაზარალებული ბრალდებულად ცნეს, ხოლო ფულის გამომძალველი – დაზარალებულად
“ქურდულ სამყაროსთან” კავშირში ბრალდებულ 8 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ერთ-ერთი დაკავებულის, ჯ. გ-ს ადვოკატის, გიორგი კორკოტაშვილის თქმით, საქმეში რეალური დაზარალებული ბრალდებულად ცნეს, ხოლო ფულის გამომძალველი – დაზარალებულად.
“არავითარ ქურდულ გარჩევას ადგილი არ ჰქონია. მოცემული საქმის გამოძიება ისე წარიმართა, რომ საქმეში რეალური დაზარალებული ვინც იყო ბრალდებულად ცნეს, ხოლო ფულის გამომძალველი დაზარალებული გახდა. არსებობს ჩანაწერები და არანაირ მუქარასა და ფულის გამოძალვას ადგილი არ აქვს”,- აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირისთვის 8 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს უკვე ბრალდებულ პირთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა. დაკავებული სადავო საკითხის მოსაგვარებლად “ქურდული სამყაროს” წევრებს დაუკავშირდა.
დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.