მიხეილ სარჯველაძე: ,,ნაცმოძრაობამ” უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა, რათა არასდროს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაიმეოროს ის, რაც ქვეყანაში 2003 წლიდან 2012 წლამდე დაატრიალა
,,ნაცმოძრაობამ” უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა, რათა არასდროს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაიმეოროს ის, რაც დაატრიალა ქვეყანაში 2003 წლიდან 2012 წლამდე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაშიც კარგად ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა დაუშვებელია.
„საერთოდ გაშარჟება არ მიყვარს, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ეს ინიციატივა რაღაცნაირად სახლობანას თამაშს ჰგავს. დამოკიდებულება და ღირებულების სისტემაში ნიშანწყალი იმის, რომ ოპოზიციას რაღაც რეალობის აღქმა მაინც აქვს, ეს ნამდვილად არის, ვინაიდან ისინიც კარგად ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა და ყოფნა, საერთოდ დაუშვებელი და არანორმალურია. ეს არ ეხება მხოლოდ ძალოვან სამინისტროებს. ამას არ ეყოფა ის ბოდიში, რომელიც „ნაციონალურმა მიძრაობამ“ მოიხადა. მათ უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა, რათა არასდროს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიმეორონ ის, რაც დაატრიალეს ქვეყანაში 2003 წლიდან ლამის 2012 წლის მთლიანად ჩათვლით. ეს იყო კატასტროფა ქართველი ერისთვის, ვინაიდან აბსოლუტურად ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ყოველგვარი უფლება, რაც წარმოუდგენელი რამაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე.