ლევან ვასაძე: დამიდგინდა მძიმე დაავადება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია მსოფლიოში
მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი, ერის” ლიდერის, ლევან ვასაძის თქმით, მას მძიმე იშვიათი დაავადება აქვს. საკუთარი დიაგნოზის შესახებ ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
“დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მსოფლიოში. მე მას განზრახ არ დავასახელებ, რათა ამ კერძო სივრცეში არ შევიჭრა. ეს დაავადება რამდენიმე სახისაა, არის სისტემური, რომელიც ადამიანს სხვადასხვა ორგანოზე ემართება. მე მაქვს მარტო გულზე. ასევე, ეს დაავადება არის გენეტიკური, მე ეგეც არ დამიდგინდა, მე მაქვს შეძენილი ფორმით. უცნაურია, როგორ შევიძინე მე ის, იმიტომ, რომ 50 წლის კაცი ვარ, სპორტსმენი, არ ვეწევი, არ ვსვამ, ვვარჯიშობ და თითქმის არ ავადვმყოფობ. სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდი, აპრილის ბოლოს ხველა მაწუხებდა გრიპის შემდეგ და მოსკოვის აკადემიკოს ლაბოვის სარეაბილიტაციო კლინიკაში გავიარე კომპლექსური შემოწმება, ყველაფერი მქონდა წესრიგში, გულის ჩათვლით. 6 მაისს, გიორგობა დღეს, შემოვედი პოლიტიკაში და აი, თვე-ნახევარში დამეტაკა ეს უიშვიათესი დაავადება, რომელიც ამ სახით, ანუ მარტო გულზე და არა გენეტიკური, არამედ შეძენილი, ემართება მილიონ ადამიანში 2 კაცს. არსებობს თუ არა რაღაც სამხედრო თუ გასაიდუმლოებული ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ დასხივების ან ინტოქსიკაციის შედეგად ამ დაავადების გამოწვევა, მე ვერ გავარკვევ, ალბათ, ვერც ვერავინ ვერ გაარკვევს.
უცნაურია, რომ რაც საქართველოდან წამოვედი, ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაავადება დამიდგინდა. ჩემი თვითშეგრძნება არის შეუდარებლად უკეთესი, რაც მე მანდ აღარ ვარ. გარდა ამისა, ძალიან მაინტერესებს, საიდან იცოდნენ ან როგორ გაიგო სამმა ულტრალიბერასტულმა ტელევიზიამ – “ფორმულამ”, “მთავარმა არხმა” და “TV პირველმა” ამის შესახებ და სამივემ რატომ გაუსვა ხაზი, რომ მე ვარ მოწამლული. რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ ამის შესახებ, კარგი იქნება თუ ვინმე კითხავს, წინ მძიმე მედიკამენტოზური მკურნალობა მელოდება და შესაძლოა ოპერაციული მკურნალობაც. არ ვაპირებ უკან დახევას, მათ შორის, რამდენადაც ჯანმრთელობა გამიშვებს, არც იმ გზაზე, რომელზეც შევდექი გულით, აი, რითიც შევდექი, იმაში დამეტაკა სწორედ უხსენებელი”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.