კელი დეგნანი: აშშ გააგრძელებს მუშაობას სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის მხარდასაჭერად, რომელსაც ის ასრულებს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რეგულარულად მართავენ შეხვედრებს, რომლებზეც ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ და საუბრობენ.

„დღევანდელი ვიზიტი ელჩის მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პატივისცემის დადასტურება და გამოხატულება იყო.

ჩვენ დღეს ყურადღება გავამახვილეთ უზენაეს სასამართლოში განხორციელებულ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესსა და იმ პრობლემებზე, რასაც ამ პროცესში ვხედავთ. ასევე, ვისაუბრე 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, ხაზი გავუსვი სახელმწიფოს და სამართლადამცავი ორგანოების პასუხისმგებლობას და აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა და ინდიკატორისა, სამართლადამცავ ორგანოებს დღემდე არავინ არ მიუცია პასუხისგებაში ამ ძალადობრივი ქმედებისთვის“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

კელი დეგნანის თქმით, აშშ გააგრძელებს მუშაობას სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის მხარდასაჭერად, რომელსაც ის ასრულებს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში.

„ძალიან კარგი შესაძლებლობა მქონდა განმეხილა სახალხო დამცველთან და მის გუნდთან ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. სახალხო დამცველის ინსტიტუტი თამაშობს უაღრესად მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში, განსაკუთებით აქ საქართველოში, მაშინ როდესაც ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან და რთულ საკითხებს უმკლავდება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს სახალხო დამცველის აპარატთთან მუშაობას თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის მხარდასაჭერად, რომელსაც ის ასრულებს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები