ხატია დეკანოიძე: შარლ მიშელთან შეხვედრაზე 19 აპრილის შეთანხმების დარღვევის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გვექნება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრაზე 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ექნებათ.
„შარლ მიშელთან შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გვექნება. პირველ ყოვლისა, ეს ეხება 19 აპრილის შეთანხმებასა და მის დარღვევას ორი მიმართულებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ასევე მოსამართლეების დანიშვნის მიმართულებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია ეს შეთანხმება, ამ შეთანხმების დარღვევისთვის ყველაფერს აკეთებდა და დღემდე ამას აკეთებს. მეორე, საქართველის მომავალი – დემოკრატიული უკუსვლა, ის, რომ ქვეყნის საგარეო კურსი, რომელიც ასევე აშფოთებს ჩვენს საგარეო პარტნიორებს, რომ ძალიან აშკარაა, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უარი თქვას იმ ევროატლანტიკურ კურსსა და ღირებულებებზე, რომელიც მონაპოვარია მრავალი თაობის. ამიტომ თავდასხმა ჟურნალისტებსა და უმცირესობებზე, მათ შორის უპასუხისმგებლობა შსს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის მხრიდან, იქნება ჩვენი ძირითადი გზავნილები. ჩვენ გავახმოვანებთ ყველა ჟურნალისტის პოზიციას, რომელიც თქვენ გაქვთ დასაფიქსირებელი ამ შეხვედრაზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.