მამუკა მდინარაძე: ამ პირობებში სხდომის გაგრძელება დაუშვებელია

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც პარლამენტში დღევანდელი სხდომის გადადება აუცილებელი იყო.

„ოპოზიციის წარმომადგენლები თავად ამბობდნენ, რომ ისინი მოსულები არ იყვნენ კითხვების დასასმელად და პასუხების მოსასმენად, ეს ხომ მოვისმინეთ. მეორეც, ძალიან საშიში პრეცედენტია, მიჯნა და ზღვარი თუ არ გაივლო პოლიტიკურ აქტივობასა და ჟურნალისტურ საქმიანობას შორის, ეს დამღუპველი პრეცედენტი იქნება. მაგალითად, ხვალ რომ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტობა მოინდომოს და მიკროფონით ხელში მომადგეს, მასაც უნდა გავცე პასუხები? თუ დაანებებს თავს პოლიტიკოსობას და ჟურნალისტი გახდება, მაშინ მას, გიგა ბოკერიასაც უნდა გავცე პასუხები, მაგრამ თუ ის პოლიტიკაში რჩება, პოლიტიკურ აქტივობას ეწევა და პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს, ხოლო ამავდროულად, ჟურნალისტური საქმიანობით არის დაკავებული, ასეთი ადამიანი ჟურნალისტი არ არის. შესაბამისად, ვიდრე რომელიღაც მედიასაშუალების წარმომადგენელი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრებმა, ბოდიში ჟარგონისთვის, ვერ „გაქაჩეს“, წლების განმავლობაში იწვალეს და ვერ შეძლეს, რადგან სიმართლე მათ მხარეს არასდროს იყო და მოუწიათ ჟურნალისტების ბრძოლის წინა ხაზზე გამოყვანა, კიდებენ ბანერებს, პოლიტიკური აქტივობებით არიან დაკავებული და ითხოვენ პრემიერის გადადგომას, ამ პირობებში სხდომის გაგრძელება დაუშვებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლიტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები