სალომე სამადაშვილი – უმრავლესობას: ამორალურს დაუძახებთ თუ არა მედიის პროტესტს, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ძალადობა მოხდა და ადამიანი არის გარდაცვლილი
“არ მესმის, ან ლექსოს პლაკატის ხელში დაჭერა რატომ არის პრობლემა, ან ბანერის გადმოკიდება, რატომ არის პრობლემა. მაშინ დაიქირავეთ დაცვა თითოეულმა თქვენგანმა და იარეთ ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში დაცვის თანხლებით”, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.
მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.
„ჩემთვის გაუგებარია უმრავლესობის რეაქცია. დაიღუპა ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ცემეს და რომელიც ვერ დაიცვა ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელმაც დღეს აქ, ძალიან ბევრ კითხვაზე უნდა გაგვცეს პასუხი. ამორალურს დაუძახებთ თუ არა იმას, რომ დღეს აქ ოპოზიცია და მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ იმას, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ლექსო ლაშქარავა და 52 სხვა ჟურნალისტი დაუცველი დატოვა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ძალადობა მოხდა და ადამიანი არის გარდაცვლილი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.