სახელმწიფო დეპარტამენტი: გამჭვირვალე და ინკლუზიური მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარების ვერმიღწევა კიდევ უფრო შეარყევს ნდობას საქართველოს მართლმსაჯულების მიმართ
“19 აპრილის შეთანხმების არასრულად ამოქმედება შეასუსტებს ინვესტორების ნდობასა და საქართველოს პოლიტიკური თუ სოციალური ინსტიტუტების მდგრადობას”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამჭვირვალე და ინკლუზიური მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარების ვერმიღწევა კიდევ უფრო შეარყევს საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს მართლმსაჯულების მიმართ და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის.
,,აშშ ღრმადაა შეწუხებული საქართველოს პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის იყო მიღწეული.
ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით ხელმოწერილი 19 აპრილის შეთანხმება ავალდებულებს ხელმომწერ მხარეებს, შეაჩეროს „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ უზენაეს სასამართლოში, ვიდრე არ იქნება მიღებული „ამბიციური მართლმსაჯულების რეფორმა“ ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმების პროცესში.
ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასმართლოში დანიშვნების შეჩერებისა და ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე. ეს არის ის, რაზეც პოლიტიკურ ლიდერები და მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ. ამის ვერ მიღწევა კიდევ უფრო შეარყევს საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს მართლმსაჯულების მიმართ და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის. 19 აპრილის შეთანხმების არასრულად ამოქმედება ასევე შეასუსტებს ინვესტორების ნდობასა და საქართველოს პოლიტიკური თუ სოციალური ინსტიტუტების მდგრადობას.
აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღადგინოს მათი ვალდებულება დემოკრატიული პრინციპებისადმი და კანონის უზენაესობისადმი და, ამასთან ერთად, გაამყაროს პარტნიორობა აშშ-სა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.