სალომე სამადაშვილი: ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია მხოლოდ ფურცელზე და არ სრულდება პოლიტიკური გადაწყვეტილებებით
“ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია მხოლოდ ფურცელზე და არ სრულდება პოლიტიკური გადაწყვეტილებებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტმა დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რაც ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმებას.
„საქართველოში ახლაშექმნილი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, როდესაც დღეს ოთხმა მსხვილმა ტელეკომპანიამ მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა, ჩვენ ვართ სიტუაციის წინაშე, როდესაც შეიძლება, სწრაფად ვიხილოთ პოლიტიკური გარემოს კრიზისის გამწვავება. როგორც ოპოზიცია, ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ ამომრჩევლებისა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები უკიდურესად შეშფოთებულები არიან თავიანთი ქვეყნის მომავლის, თავიანთი უსაფრთხოების გამო, იმ ფაქტის გამო, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში დაწვეს ევროპული დროშა. წინა გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ოპოზიციამ ასევე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პარლამენტში პროცესებზე და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამისთვის. თუმცა, ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ვერ ვხედავთ, მთავრობა ასრულებდეს თავის გასაკეთებელს 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მხრივ. ალბათ, იცით, გუშინწინ პარლამენტმა დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას. თუ ჩვენ არ გვექნება ევროპარლამენტში, ევროკომისიაში ჩვენი კოლეგების მხრიდან სრული ჩართულობა და ზეწოლა, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია მხოლოდ ფურცელზე და არ სრულდება პოლიტიკური გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა სამადაშვილმა.