ბუნდესტაგის ყოფილი წევრი – ქართველთა უმრავლესობას სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა ქვეყნის მოსახლეობაზე გავლენას ეკლესია ახდენს
გერმანიის ფედერალური მთავრობის ყოფილი კომისარი ადამიანის უფლებების პოლიტიკისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში, ბუნდესტაგის ყოფილი წევრი “თავისუფალი დემოკრატიული” პარტიიდან, ამჟამად კი მდგრადი განვითარებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე კომპანიების კონსულტანტი, მარკუს ლენინგი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სტატიას უძღვის, რომელიც Deutche Welle-მ გამოაქვეყნა.
ლენინგი წერს – “ბევრი გაოგნებული იყო 5 ივლისის კადრებით თბილისიდან, სადაც ულტრანაციონალისტები თავს დაესხნენ ლგბტ- პრაიდის ორგანიზატორებსა და ჟურნალისტებს. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო ჟურნალისტებზე თავდასხმა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გეი-აღლუმები “მიუღებელია ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის”.
“ეს ინციდენტი ცარიელ ადგილზე არ მომხდარა – ის გახდა საქართველოს შიდა გახლეჩის შედეგი. ქართული საზოგადოება აგრძელებს ბრძოლას ამბივალენტური იდენტურობის წინააღმდეგ. ქართველთა 75-80 პროცენტს სურს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია და, ზოგადად, მზადაა რეფორმებისათვის, მაგრამ, ამავე დროს, ქვეყნის მოსახლეობაზე ძლიერ გავლენას ახდენს მართლმადიდებლური ეკლესია. თავის მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღიად რეაქციულ პოზიციას იკავებს და მხარს არ უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თავისი შეხედულებებით, მათ შორის, ჰომოსექსუალობაზე, ეკლესია დიდად არ განსხვავდება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან.
სოციოლოგიური გამოკითხვები, სამწუხაროდ, რეგულარულად აჩვენებს, რომ ქართველები კვლავ ეწინააღმდეგებიან ლგბტ პოლიტიკოსების დეპუტატებად ხილვას. უნგრეთში გეების უფლებების ბოლოდროინდელი შეზღუდვა გვიჩვენებს, რამდენად საშიშია ასეთი შეხედულებები კანონის უზენაესობისთვის.
ის ფაქტი, რომ საქართველოს რეფორმების ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, აჩვენა გასული ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომმა დრამამ. მაშინ ეუთო საუბრობდა “ელექტორატზე ზეწოლის ფართო ბრალდებებზე”. დამკვირვებლები საუბრობდნენ დევნაზე ამომრჩევლებზე, ჟურნალისტებზე, მათზე, ვინც არჩევნებს აკვირდებოდა, ასევე, საუბრობდნენ ხმის მიცემის პროცედურის დარღვევასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე. ოპოზიციამ უარი თქვა არჩევნების შედეგების ცნობაზე, პრემიერმინისტრი გადადგა და იქნა ჩანაცვლებული თავდაცვის მინისტრით, ხოლო ოპოზიციის ლიდერი, ნიკა მელია დააპატიმრეს.
ევროკავშირის შუამავლობით პარტიებს შორის ხანგრძლივი პოლიტიკური დიალოგისა და მაისში ნიკა მელიას გირაოთი გათავისუფლების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ. ამასთან, საპარლამენტო არჩევნებმა უგემოვნო ნალექი დატოვა: ამომრჩეველთა მხოლოდ 24% მიიჩნევს არჩევნების შედეგებს სამართლიანად და მოსახლეობის მხოლოდ 45% უწოდებს საქართველოს “დემოკრატიულ ქვეყანას”. ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 3% ენდობა სრულად პრეზიდენტსა და პარლამენტს.
მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის წაშლა აჩენს კიდევ ერთ დაბრკოლებას ევროკავშირში წევრობის გეგმაში. ევროპარლამენტმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ბოლოდროინდელ რეზოლუციაში დადებითი შეფასება მისცა ქვეყნის ხელისუფლების მიერ რეფორმების გატარებას, მაგრამ კვლავ მოუწოდა მათ, “თავი შეიკავონ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესებისაგან”, მოუწოდა მოსამართლეებს შერჩევის პროცედურის რეფორმირებისკენ, ასევე, მოუწოდა ყველა იმ საქმის გამოძიებისკენ, რომელშიც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენება ფიქსირდება.
ამასთან, ზოგიერთი ახალი კანონიც არის საეჭვო. მაგალითად, გასულ წელს მიიღეს კანონი, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს, დანიშნოს “სპეციალური მმართველი”, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, კონტროლი გაუწიოს ნებისმიერ ელექტრონულ კომუნიკაციურ კომპანიას, რომელიც მათ მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს. უფლებადამცველების აღშფოთების მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიამ უკვე დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი პროვაიდერი კომპანია Caucasus Online-ში.
ეს შემთხვევა მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რომ მედია მუდამ იმყოფება საფრთხის ქვეშ ან იზღუდება. ჟურნალისტები და ოპოზიციური მედია რეგულარულად ხდებიან პირდაპირი და არაპირდაპირი პოლიტიკური ზეწოლის სამიზნე. გასულ წელს “მთავარი არხის” წინააღმდეგ აღიძრა საქმე თანამდებობის პირების არასათანადო ქმედების გაშუქების შემდეგ; საზოგადოებრივი მაუწყებლის “ტელევიზია და რადიო აჭარის” ჟურნალისტების მდუმარე პროტესტი სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ, შეწყდა მომიტინგეთა ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ. ჟურნალისტების მიმართ ძალადობა არ არის იშვიათი, თუმცა, 5 ივლისის ინციდენტი ყველაზე შემაშფოთებელია. საქართველოს მიერ პრესის თავისუფლების რეიტინგში დაკავებული მე-60 ადგილი ძალიან დაბალია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელის წარმომადგენლებმა არ გამოთქვეს დიდი სურვილი, განეხილათ ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობის საკითხი ქვეყნის პრეზიდენტთან იანვარში. ჯერჯერობით, ევროკავშირი თავს იკავებს ნებისმიერი ვალდებულებისაგან როგორც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” კონტექსტში, ასევე, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.
ამავე დროს, ევროკავშირი სტრატეგიულად დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებით. ამის მიღწევა შეუძლებელია კანონის უზენაესობის, უმცირესობების დაცვისა და დამოუკიდებელი მედიის გარეშე. რა თქმა უნდა, სოციალურ და პოლიტიკურ პარადიგმაში ცვლილება ერთ დღეში არ ხდება, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან შემდგომი მხარდაჭერა და მათთვის თანხების გამოყოფა ქართული მხარის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულების გარეშე და რეალური პროგრესის გარეშე, ასუსტებს საქართველოში რეფორმების მზაობასა და ევროკავშირის ნდობას”, – ნათქვამია სტატიაში.