მეუფე გრიგოლი: სხეულზე ვგრძნობ ტკივილს ყველა იმ მოქნეული ჯოხისა თუ გასროლილი ქვისა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.

“ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი მაცნობეს, რომ გარდაიცვალა 5 ივლისის მოვლენებისას დარბეული, ნაცემი ერთ-ერთი ოპერატორი, არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი წუხილი ამის გამო. ადამიანები ყოველდღე იღუპებიან, გარდაცვალება ჩვეულებრივ მოვლენად არის ცნობილი, მაგრამ არავის აქვს უფლება ხელყოს მეორე ადამიანის სიცოცხლე, ადამიანები, რომლებიც მეორე ადამიანის მკვლელობაში არიან გარეული კითხვა ჩნდება – ვის წირავენ მსხვერპლს, ღმერთს თუ ეშმაკს. ამაზე უნდა ვიფიქროთ ქრისტიანებმა. ის რომ ესეთი მასშტაბის ღონისძიებები იგეგმება, ღონისძიება როცა თემა არის 2 ჯგუფს შორის კონფრონტაციული ხასიათის და ათასობით ადამიანი იყრის თავს, სასწაული უნდა მოხდეს რომ მსხვერპლი არ იყოს.

არ მეგულება თქვენ შორის ადამიანი, ვისაც მოეწონა ის რაც ხდებოდა. თვითონ ის იდეა რის დემონსტრირებასაც ცდილობდა ორგანიზაცია, რომელმაც გადაწყვიტა ამ დღეს პარადის ჩატარება რა თქმა უნდა მიუღებელია. ასევე კატეგორიულად მიუღებელია ის ფორმა, რომლითაც უპირისპირდები ამ მოვლენას. სხეულზე ვგრძნობ ტკივილს ყველა იმ მოქნეული ჯოხისა თუ გასროლილი ქვისა თუ იმ წიხლებისა და შეფურთხებებისა”, – თქვა მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები