ოლივერ ვარჰეი: ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სახის დისკრიმინაციით

“ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სახის დისკრიმინაციით”, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, გაერთიანდეს, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისუფლად თავისი მოსაზრება.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რაც გუშინ და გუშინ წინ მოხდა ქვეყენაში. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი პრემიერმინისტრთან. მიმაჩნია, რომ მისი სახელითაც ვსაუბრობ ახლა, როცა ვამბობ, რომ არ არსებობს ძალადობის სივრცე, ძალადობიდან არაფერი იშვება. ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სახის დისკრიმინაციით. ეს უნდა არსებობდეს ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლება. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, გაერთიანდეს, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისუფლად თავისი მოსაზრება. ამიტომ, გვინდა, რომ ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას. გვინდა, ვიხილოთ, როგორ განხორციელდება მოვლენები და პროცესები. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ პარლამენტში მივედი და ვნახე, რომ ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები