არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირის კომისარმა პარლამენტზე ევროკავშირის დროშის აღმართვისთვის კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა
“ოლივერ ვარჰეიმ პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშის აღმართვისთვის კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან, ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისვე თქმით, ვინც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ისტორიულ არჩევანს ეწინააღმდეგება.
„პოლიცია იცავდა ადამიანებს, ვინც დროშა ჩამოხსნა, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ისტორიულ არჩევანთან, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. დღეს ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ არის აღმართული. როგორც გითხარით, კომისარმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ხაზგასმით გადაუხადა მას მადლობა ამისთვის. ეს გამოხატავს არა მხოლოდ პარლამენტის პოზიციას, არამედ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და დამოკიდებულებას, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამისთვის ვიმუშავებთ და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამის გარშემო გვქონდეს ერთიანი პოზიციები. საზოგადოების რომელიმე ჯგუფებს შორის დაპირისპირება იმის თაობაზე – ევროკავშირის დროშა უნდა იყოს თუ არა პარლამენტის წინ და საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს თუ – არა, რეალურად, არ არსებობს. ცალკეული ადამიანები, ვინც ეს გააკეთეს, ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის არჩევანს. რაც შეეხება პოლიციელთა ქმედებებს, საზოგადოებამ ნახა პოლიციელების დამოკიდებლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ჟურნალისტების მიმართ – ცნობილი ფრაზა, როცა პოლიციელმა ჟურნალისტს უთხრა, თავის თავს გაწირავდა, რათა ჟურნალისტი დაცული ყოფილიყო.
ძალადობა მიუღებელია და ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ. სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქეს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. გუშინ ვნახეთ პოლიციის სრული მობილიზება, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. როდესაც რისკია, რომ დაპირისპირება გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში, პოლიციის ასეთი მაქსიმალური მობილიზება გამართლებული იყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.