დავით ზალკალიანი: ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო

“ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო”, – ამის შესახებ Facebook-ზე საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი წერს.

მისი თქმით, სრულიად მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში დედაქალაქში ხდებოდა.

„ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო. ქართული კულტურა ყოველთვის იდგა ევროპულ ღირებულებებზე და, ამასთანავე, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა ევროპასთან პოლიტიკურ-ეკონომიკურად დაახლოებისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირის როლი ფასდაუდებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

სრულიად მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში ხდებოდა, მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას. დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.

საქართველო, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ფასეულობების სახელმწიფო მუდმივად იდგება ჩვენი საერთო ღირებულებების სადარაჯოზე“, – წერს ზალკალიანი.

ევროკავშირის დროშა პარლამენტთან გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი ხელით აღმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები