დავით სერგეენკო: შეძრული ვარ იმით, რასაც ვუყურე, გუშინდელ მოვლენებზე ყველამ პასუხი უნდა აგოს
“ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს გუშინდელ მოვლენებზე“, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, რომ დანაშაულის პრევენცია სრულად მომხდარიყო.
„შეძრული ვარ იმით, რასაც ვუყურე. არ ვიცი, ამას რა ჰქვია. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თუ პოლიტიკური საფანელი ჰქონდა, არ ვიცი, მაგრამ მგონია, ამ საქციელზე ყველა ადამიანმა ძალიან სწრაფად და სამართლიანად უნდა აგოს პასუხი. კარვების დარღვევის დროს ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი არც კი იყო. არ მგონია, რომ მისმა განცხადებამ ეს ადამიანები წაახალისა. 50-ზე მეტი ადამიანის ცემას რა ჰქვია, არ მგონია, პრემიერის განცხადებას გავლენა ჰქონოდა. სამწუხარო შედეგებმა გვაჩვენა, რომ სრულად და 100 პროცენტით დანაშაულის პრევენცია ვერ მოხდა. სურვილი იქნებოდა, ამ ყველაფრის პრევენცია მომხდარიყო. თქვენი პოზიციის ადამიანურად მესმის და პასუხების გაცემა მიჭირს, მაგრამ გეტყვით, რომ ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს გუშინდელ მოვლენებზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.