ჩეხეთის ელჩი: შოკირებული ვარ თბილისში ძალადობის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის სცენებით, საქართველოში დემოკრატიის ბედი სასწორზეა
“შოკირებული ვარ თბილისში ძალადობის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის სცენებით, დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი”, – ასე ეხმაურება საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პეტრ მიკისკა თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
როგორც ელჩი “ტვიტერზე” წერს, საქართველოში დემოკრატიის ბედი სასწორზე დევს.
„შოკირებული ვარ თბილისში ძალადობის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის სცენებით, დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი. კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები კი აღდგენილ უნდა იქნას. საქართველოში დემოკრატიის ბედი სასწორზე დევს და ყველა აქტორმა, მათ შორის, მთავრობამ უნდა იმოქმედოს სრული პასუხისმგებლობით“, – წერს ელჩი.
შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.