„ღმერთმა გემრიელად გამყოფოთ“ – „კუმ დეომ“ მორიგი საქველმოქმედო აქცია მაღალმთიან აჭარაში გამართა
არასამთავრობო ორგანიზაციამ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისასთვის“ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა. ამჯერად, ექიმების ჯგუფი, პროფესორ სოლომონ ზეიკიძის ხელმძღვანელობით, მაღალმთიან აჭარაში, ჯერძოდ, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მთა ჩირუხი ზაფხულის საძოვარია, სადაც მოსახლეობა მაისის შუა რიცხვებიდან ადის და სექტემბრის შუა რიცხვებამდე რჩება.
როგორც პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, (ა)იპ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ თავმჯდომარე, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურეობა 80-ზე მეტ ადამიანს გაეწია და, ამასთან, მოსახლეობას საჭირო მედიკამენტებიც უფასოდ გადაეცა.
„ჩვები არასამთავრობო ორგანიზაცია ტრადიციას აგრძელებს და ამჯერად მაღალმთიან აჭარაში ამოვედით. პირველი, რაც მინდა, ვთქვა, მთა ჩირუხი საოცარი ადაგილია, ნამდვილი სამოთხე, თუმცა, აქ სამედიცინო პუნქტიც კი არაა, რომ ადამიანს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი აქცია, ვფიქრობ, ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია – აქაურების უმეტესობა, როგორც აღმოჩნდა, ექიმთან რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა,“ – ამბობს სოლომონ ზეიკიძე.
მისივე თქმით, საქველმოქმედო აქცია, რომელშიც რამდენიმე დარგის ექიმის მონაწილეობდა, მედიკამენტებით, ტრადიციულად, კომპანია „ჯი ემ ფარმამ“ უზრუნველყო. ამასთან, აქციაში ჩაერთო კომპანია „კრკა“.
„დღევანდელი აქცია სავაჭრო ცენტრ „საბას“, „ლიბერთი ბანკის“, კომპანია „ზედაზენისა“ და პარტია „კანონი და სამართლის“ თანადგომის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. საერთოდ, პანდემიამ ყველას კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია. ამიტომ, მსგავსი აქციები ძალიან მნიშვნელოვანია და „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ მსგავს საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გააგრძელებს“, – ამბობს ჟურნალისტი და ორგანიზაციის საზოგადოებასთან სამსახურის ხელმძღვანელი ვანო პავლიაშვილი.
„ღმერთმა კარგად და გემრიელად გამყოფოთ… პროფსორმა წამლები მომცა და მითხრა, იმკურნალებ და კარგად გახდებიო. დიდად, დიდად მადლობელი ვარ,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, 70 წელს გადაცილებული ქალბატონი.
აქციაში რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე („კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოევრივი ჯანმრთელობისათვის“ თავმჯდომარე); თერაპევტი ქეთევან გოროზია („კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი), ენდოკრინოლოგი – მარინე წიკლაური, ნევროლოგი – ეკა მამუკელაშვილი.
ამასთან, აქციაში, მოხალისეებად ჩართულები იყვნენ გიორგი გოგლიძე და შალვა მაჩიტიძე.
შეგახსენებთ: ორგანიზაციამ – „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ უკვე მეექვსე საქველმოქმედო აქცია გამართა. შუახევის მუნიციპალიტეტამდე უფასო სამედიცინო მომსახურეობა ორგანიზაციამ ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების – წვირმისა და ლატალის მოსახლეობას გაუწია.
პროფესორ სოლომონ ზეიკიძის თქმით, საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება. კერძოდ, ზეიკიძის ინფორმაციით, (ა)იპ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აპირებს, რომ უფასო სამედიცონო სერვისი უახლოეს მომავალში თურქეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსაც მიაწოდოს.