პროკურატურამ სოფელ წოდორეთში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 1 270 073 ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე დაკავებულ ე.მ.-ს, ა.მ.-ს და ი.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ.-მ, ა.მ.-მ და ი.მ.-მ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მოტყუებით მიიღეს საკუთრების უფლება – კერძოდ, ე.მ. თაღლითურად დაეუფლა 413 544 ლარად ღირებულ 8 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, ა.მ. – 412 356 ლარად ღირებულ 8 000 კვ.მ, ხოლო ი.მ. – 444 173 ლარად ღირებულ, 8 600 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს. საერთო ჯამში სახელმწიფოს მიადგა 1 270 073 ლარის ზიანი.

სამართალდამცველებმა ე.მ, ა.მ. და ი.მ. 2021 წლის 30 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები