16-მა მსჯავრდებულმა ქალბატონმა შიმშილობა დაიწყო
სასჯელაღსრულების #5 დაწესებულებაში 16-მა მსჯავრდებულმა ქალბატონმა შიმშილობა დაიწყო. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მოშიმშილეები არ იმყოფებიან ე.წ. მშრალ შიმშილობაზე და ისინი სითხის სახით იღებენ წყალსა და წვენებს. მოშიმშილეთა მხარდასაჭერად კიდევ 7-მა მსჯავრდებულმა ქალბატონმა უარი განაცხადა პურის მიღებაზე. მოშიმშილეების განმარტებით, ისინი პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის არაეფექტურ მუშაობას აპროტესტებენ, კერძოდ, იმას, რომ არ კმაყოფილდება იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები, რომელთა საკითხს კანონით გათვალისწინებული წესით განიხილავს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია და ადგილობრივი საბჭოები.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, უწყება ვერ გაიზიარებს მოშიმშილეთა განცხადებას პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით. სამინისტრო მისი პოზიციის გასამყარებლად სტატისტიკას იშველიებს:
„2012 წლის 25 ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე 300 მსჯავრდებული ქალბატონი გათავისუფლდა. მაშინ როდესაც, მანამდე, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე, ანუ 2 წლის განმავლობაში პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით მხოლოდ 40 ქალი გათავისუფლდა. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით, მიმდინარე წლის 30 იანვარსა და 3 თებერვალს დაწესებულება კიდევ 5-მა ქალბატონმა დატოვა. მათ შორის 2 – კომისიის, ხოლო 3 – ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული უპრეცედენტო ამნისტიისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის ეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ ისეთი მცირე რაოდენობა თავისუფლებააღკვეთილი ქალბატონებისა, როგორიც დღესაა, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2012 წლის 1 აპრილს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 1200 მსჯავრდებული ქალბატონი იხდიდა სასჯელს, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი ეს რიცხვი 250-მდეა შემცირებული. აქვე სამინისტრო განმარტავს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების 7-წევრიან კომისიაში სამინისტროს მხოლოდ 3 წევრი ჰყავს, ხოლო 5-წევრიან ადგილობრივ საბჭოებში – 2. გადაწყვეტილება ორივე შემთხვევაში ხმათა უმრავლესობით მიიღება, ამდენად, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი სრულიად დამოუკიდებელი ორგანიზმია და მისი წევრები გადაწყვეტილებებს მხოლოდ კანონის საფუძველზე იღებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.