ბადრი ჯაფარიძე: ჩვენი ამოცანაა, ცესკო-ს ისეთი თავმჯდომარე შეირჩეს, რომელიც საზოგადოებრივი ნდობით ისარგებლებს
“ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის საჭიროა პარლამენტის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა, კონსენსუსი შესაძლებელია, თუკი პროცესი იქნება გამჭვირვალე და საზოგადოება იქნება მასში ჩართული “, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე საზოგადოებაში ნდობით უნდა სარგებლობდეს.
“თამარ ჟვანიამ გადადგა სწორი ნაბიჯი, ეს ხელს შეუწყობს ნდობის ამაღლებას საარჩევნო და წინასაარჩევნო პროცესის მიმართ, რადგან ჟვანიას ხელმძღვანელობით ჩატარდა ოქტომბრის არჩევნები და ის შეფასებულ იქნა, როგორც ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები. ამიტომ, ეს ნაბიჯი არის სწორი. ახლა ჩვენ გვაქვს პროცესი განსაზღვრული შარლ მიშელის დოკუმენტით, თუ როგორ უნდა შეირჩეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის საჭიროა პარლამენტის წევრთა 2/3- ის მხარდაჭერა. შესაბამისად, კანდიდატურა, რომელიც იქნება შერჩეული უნდა აკმაყოფილებდეს ძირითად კრიტერიუმებს: მაღალი რეპუტაცია, დამოუკიდებლობა, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მისი შერჩევის პროცესში და ჩვენი ამოცანაა შერჩეული იქნას ისეთი თავმჯდომარე, რომელიც ისარგებლებს დიდი საზოგადოებრივი ნდობით. კონსენსუსი აბსოლუტურად შესაძლებელია, თუკი პროცესი იქნება გამჭვირვალე და საზოგადოება იქნება მასში ჩართული”, – განაცხადა ჯაფარიძემ.