საქართველოს პროკურატურის და სტუდენტური ორგანიზაციის „ენკომის“ ინიციატივით, ერთობლივი პროექტი “დებატები ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თემაზე“ განხორციელდა

საქართველოს პროკურატურის სტუდენტურ ორგანიზაცია „ენკომთან“ თანამშრომლობით, ერთობლივი პროექტი „დებატები ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თემაზე“ განხორციელდა, რომლის მიზანს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებში თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების სინთეზი და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

პროექტს საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი ელენე ჩხეიძე და „ენკომის“ წარმომადგენლები – ააიპ ,,საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნინო ბერიშვილი და მსაჯები, ამავე ორგანიზაციის წევრები – გიორგი კაპანაძე, ირინა მიქავა, ბაია ბოლქვაძე და ამირან აბაშიძე უძღვებოდნენ.

პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე მონაწილეები თეორიულ ნაწილს გაეცნენ, სადაც პროკურატურის წარმომადგენელმა ისეთი საკითხები განიხილა, როგორიცაა – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის წარმოშობა; ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა; შესავალი და დასკვნითი სიტყვების მთავარი ასპექტები და მისი სწორად ჩამოყალიბების წესები; შედეგზე ორიენტირებული პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ჩასატარებელი უნარები.

„ენკომის“ წარმომადგენელი ტრენინგს დებატებში გაუძღვა, რა დროსაც მან სტუდენტებს ორგანიზაციის ინოვაციური საავტორო ფორმატი გააცნო, სადაც იმიტირებული სასამართლო პროცესის და კარლ პოპერის დებატების ელემენტებია გაერთიანებული. აღნიშნული ფორმატი საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებს და პოპულარიზაციას განსაზღვრავს. მონაწილეებს გაეგზავნათ კაზუსი, რომლის საფუძველზეც მათ სამართლებრივი ნიუანსების და დებატების ტექნიკების სწორი სინთეზი მოახდინეს.

მეორე ეტაპი ქართული სერიალის ,,ნაფიცი მსაჯულის“ ჩვენებას მოიცავდა, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. ყოველი ნაწილის დასრულების შემდეგ სერიალთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.

მესამე ეტაპი სრულად დაეთმო დებატებს, სადაც ნაფიცი მსაჯულები დასკვნითი სიტყვით წარდგნენ.

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმა მონაწილეები სამართლებრივად შეაფასა, ხოლო “ენკომის” წარმომადგენელმა მონაწილეები დებატების ჭრილში შეაფასა, თუ რამდენად დაიცვეს მხარეებმა შესაბამისი სტრუქტურა და არგუმენტაცია.

პროექტის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და საჩუქარი გადაეცა, ხოლო გამოვლენილ სამ საუკეთესო სპიკერს შესაძლებლობა ექნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცესში ჩაერთოს.

ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროკურატურა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. უწყების მხრიდან, მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები